საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავტოპარკის განახლებას გეგმავს. სამსახურის ბალანსზე რიცხულ ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილ 40 ერთეულ მსუბუქ ავტომობილს საგარანტიო და საექსპლუატაციო ვადა ფაქტობრივად უკვე ამოეწურა. ამასთან, 2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახურის ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადდა ტენდერი საგამოძიებო სამსახურისთვის მსუბუქი (სედანის ტიპი), მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვის თაობაზე.
ძველი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები, შემდგომი რეალიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა.