საგამოძიებო სამსახურის შესახებ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალ, სპეციალურ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახური საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად, სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას.
საგამოძიებო სამსახურის უფროსს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საგამოძიებო სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
მისია, ხედვა, ღირებულებები
- საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის პრევენციის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შედეგად, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრა;
- ამოცანების განხორციელებისას აქტიური თანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, სამართალდამცავ ორგანოსთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან;
- ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და დასანერგად, საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეგა უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და საგამოძიებო სფეროში არსებული მაღალი სტანდარტების დანერგვა;
- სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს.
ისტორია
- 2004 წელს შეიქმნა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლისა და საბიუჯეტო თანხების მართლზომიერი განკარგვის მაკონტროლებელი სამსახური.
- 2007 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამი სამსახური - ფინანსური პოლიცია, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტები ერთ უწყებად - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურად გაერთიანდა.
- 2009 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროში განხორციელებული კიდევ ერთი სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის, საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტები და სპეციალური დანიშნულების რაზმი გაერთიანდა საქვეუწყებო დაწესებულების ფარგლებში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურად ჩამოყალიბდა. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, რომლის თანახმადაც შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
საგამოძიებო სამსახურის მთავარ მიზანს წარმოადგენს: ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კეთილსინდისიერი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა. დასახული მიზნის მისაღწევად, საგამოძიებო სამსახური მაღალ პროფესიულ დონეზე, სრული მოცულობით ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, სათანადო ექსპერტიზას, დანაშაულის პრევენცია-გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საგამოძიებო სამსახურის ძირითად ამოცანად და უფლებამოსილებად განისაზღვრა:
- საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის თავიდან აცილება, კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად, სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება;
- დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთისა და ინფორმაციის მოპოვება-ანალიზის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
- საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა;
- საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობების სფეროში კანონდარღვევათა ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა და მათი შესწავლა-ანალიზი.