საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბეს გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელიც შემდგომ წარუდგინეს სატენდერო კომისიას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით.
2018 წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ანალოგიური სახის დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისგებაში მიეცა 20 მეწარმე სუბიექტი.