საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები. აღნიშნული კანონდარღვევისათვის ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11 წლამდე ვადით.