საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, რომლებსაც თბილისში გააჩნდათ ტურისტული ოფისი, დაინტერესებული პირებისთვის ამზადებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტს. ბრალდებულებმა, მათ მიერ დამზადებული, ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები, 800 აშშ დოლარად გაასაღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 100-ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.