ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო რამიშვილი ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორს, ანტონი მიკულსკისს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის პრიორიტეტები, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკაში დანერგილი მიდგომები განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
როგორც სოსო რამიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით.
„საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების და თანამედროვე მიდგომების გაცნობა-გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქმიანობაში დანერგვაა. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გავიზიაროთ ლიეტუვას რესპუბლიკის კოლეგა უწყების გამოცდილება, გავაცნოთ მათ ჩვენი საქმიანობა და სამომავლოდ, გავაღრმავოთ ურთიერთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო რამიშვილმა.
ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორის, ანტონი მიკულსკისის განცხადებით, საქართველოს ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება ინფორმაციის გაცვლის, საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომების გაზიარების, ეფექტიანი გამოძიების და უკეთესი შედეგების მიღწევის კუთხით.