საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დაასაწყობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის, „Marlboro“-სა და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ნაწილის რეალიზაციისთვის გადაზიდვა განახორციელეს მეორე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 497 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 19 700 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.