საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისაგან თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით სარეალიზაციოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლისაგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 429 111 ლარს შეადგენს.
გამოძიებით დადგენდა, რომ საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, ვაგზლის მოედანზე განთავსებულ ე.წ „ოქროს ბირჟის“ ტერიტორიაზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.