საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლისის ტერიტორიულ ორგანოში, კ. კ-მ სოფელ ნაფეტვრების ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა 4 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა ქრთამის აღების ფაქტზე.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე.