საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პერიოდი მიმდინარე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით გაახანგრძლივა. საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://is.ge/ka-ge/stajireba.
საგამოძიებო სამსახურმა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით გამოაცხადა. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება განხორციელდება გამომძიებლის და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე.
სტაჟირების შერჩევითი კონკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტაჟიორები ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟიორები გაეცნობიან საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს, სამუშაოს სპეციფიკას და ჩაერთვებიან პრაქტიკულ ღონისძიებებში. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კარიერულ ზრდას.