საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ცხრა პირის მიმართ დაიწყეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში, შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. დამატებით, მათ წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ მიიღეს ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.