ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღე

ოთხშაბათი, 30 მარტი, 2022
საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, უწყების განვლილი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. 

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პანდემიის პირობებში საგამოძიებო სამსახურის შეუფერხებელი მუშაობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებულ იქნა 109 340 627 ლარი, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და მობილიზაციის გარეშე“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

სიტყვით გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის უმნიშვნელოვანეს როლზე საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით. „მივესალმები საგამოძიებო სამსახურის აქტიურ კოორდინაციას აშშ-ისა და ევროკავშირის პარტნიორ უწყებებთან ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, ღონისძიების სტუმრებისთვის საგამოძიებო სამსახურის განვლილი წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა თანამშრომელთა თავდაუზოგავ შრომაზე, რამაც განაპირობა 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხების რეკორდული ოდენობა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ „უწყება კვლავ განაგრძობს აქტიურ მუშაობას კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით“. 

სოსო რამიშვილის განმარტებით „სამსახურის საქმიანობის პროგრესს გამართული შიდაუწყებრივი პოლიტიკა განაპირობებს, რომელიც თანამშრომელთა კვალიფიკაციას, მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება. ამის ნათელი მაგალითია 2021 წელს, თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა ონლაინ-ფორმატში გამართულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენინგებში, სემინარებში, ფორუმებსა და კონფერენციებში. უწყება პროფესიულ დონეზე უზრუნველყოფს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, ანალიტიკურ საქმიანობასა და რისკების სათანადო შეფასებას. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს დანაშაულის დროულ გამოვლენასა და ეფექტიანი გამოძიების წარმართვას“.

სამსახურის თანამშრომლებისთვის პროფესიული დღის მილოცვისას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვაჟა ფანოზიშვილმა, ყურადღება გაამახვილა პირადი შემადგენლობის მოტივაციის მნიშვნელობაზე. მისი თქმით „საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციას, არამედ შეგნებულ არჩევანს - წვლილი შეიტანონ ჯანსაღი ბიზნესგარემოს ხელშეწყობის საქმეში. ეს პრინციპული არჩევანი განაპირობებს ჩვენი უწყების ეფექტიანობის დინამიურ ზრდასა და რწმენას, რომ 2022 წელს, საგამოძიებო სამსახური შეინარჩუნებს ამგვარ ტენდენციას“.

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა - ლევან ძნელაძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის სტატისტიკა და წარმატებული მუშაობის კონკრეტული მონაცემები გააცნო.

საგამოძიებო სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე, ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და პროფესიონალიზმისთვის, სამსახურის თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით, მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top