საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში განთავსებული სამალავის გამოყენებით, ცდილობდა თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოეტანა საერთო ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 165 500 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.