საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მხრიდან საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვის 28 ფაქტი გამოავლინა.
გამოძიების პროცესში მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები, საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელზე ფიქტიურად რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. აღნიშნული ქმედების შედეგად, საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლით 28 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა.