საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა - ვაჟა ფანოზიშვილმა, ვახტანგ ფარესიშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა - ლევან ძნელაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიიციის ატაშეს - გიორგი მეზვრიშვილის ხელშეწყობით, მორიგი შეხვედრა გამართეს თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM) დელეგაციასთან. სტუმრების დელეგაციას ხელმძღვანელობდა ხსენებული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - აჰმეტ გიულერი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი მეზობელი ქვეყნის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს ურთიერთთანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. უახლოეს მომავალში დაიგეგმა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელშიც ასახული იქნება პროფესიული თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.