საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კომპანიის საკუთრებაში რიცხული, კახეთის რეგიონში მდებარე, ჯამში 850 000 ლარზე მეტი ღირებულების სამი ერთეული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბეს თითქოსდა ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაცემული მინდობილობები და საქართველოში შედგენილი კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც გაასხვისეს ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, ხოლო დარჩენილი ორი მიწის ნაკვეთის გასხვისება სცადეს სხვა პირზე.
მიწის ნაკვეთები დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 (19), 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.