საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახური უზრუნველყოფს თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად, ხელფასიდან გარკვეული თანხის მობილიზებას და საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადარიცხვას.
როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს სოლიდარობის ფონდი ნამდვილად მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს აკეთებს. საგამოძიებო სამსახური სიამოვნებით უერთდება საქველმოქმედო პროექტს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ საგამოძიებო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის თანამშრომლებს ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციაზე სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ აღნიშნა, რომ ფონდმა, დაარსებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების, 72 ორგანიზაციის, მათ შორის 58 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 11 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 427 ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება დაამტკიცა. მათ შორის 173 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 254 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთის და აშშ-ს კლინიკებში.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ათიათასობით მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ამ შედეგის შენარჩუნებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მხარდაჭერა.
პრეზენტაციას ესწრებოდა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი, რომელმაც ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფონდმა შეძლო სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები კეთილი საქმის ირგვლივ გაეერთიანებინა, რასაც ნამდვილად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან პროცესში და შეიტანენ საკუთარ წვლილს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში.