საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში 2500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.