საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საგამოძიებო სამსახურის ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილი 40 ერთეული მსუბუქი, მათ შორის, 10 ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვის თაობაზე, გამოცხადებული ტენდერები დასრულდა.
ორივე ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.
საგამოძიებო სამსახურის ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილი 40 ახალი ავტომობილის (30 ერთეული „შკოდა ოქტავიას“ და 10 ერთეული „კია ნიროს“ ჰიბრიდული მოდელის ავტომობილი) ჯამური ღირებულება შეადგენს 2 035 550 ლარს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლების აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილი ავტომობილების მნიშვნელოვან ნაწილს საგარანტიო და საექსპლუატაციო ვადა ფაქტობრივად ამოეწურა და მათი მოვლა-შენახვის ხარჯები გაცილებით მეტია, ვიდრე მათი საბალანსო ღირებულება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური გაუმართაობის გამო, აღნიშნული შემოწმების გავლას ვერ შეძლებდა. შესაბამისად, სამსახური ავტომობილების გარეშე დარჩებოდა, რაც საგრძნობლად შეაფერხებდა საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას და ხელს შეუშლიდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების სათანადო დონეზე განხორციელებას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ძველი ავტომობილები მომსახურების სააგენტოს გადაეცემა.