ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავა

ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის  ხელმძღვანელი  პირები დააკავა

176

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის ერთ-ერთი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს. 

მოგახსენებთ, რომ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს, გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ,სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. სწორედ ამ მიზნით, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი. ამოღებულია ზემოაღნიშნულ კომპანიასთან კავშირში მყოფი ორგანიზაციების საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში და ქალაქ ბათუმში მშენებარე ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზები.

ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top