საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები - „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“ აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდოდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.