საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, ქ.ბათუმის მერიასა და აღნიშნულ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ერთ-ერთი არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1 289 972 ლარი. ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ.ბათუმის მერიას და ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.