ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ერთ-ერთი კლინიკის განყოფილების უფროსი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა 6 000 ლარი. თანხის ნაწილის, 2 000 ლარის აღების შემდეგ კი იგი დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.