საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირებს შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში, ხალხმრავალ ადგილებში - ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი 5 ერთეული სათამაშო აპარატი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.