საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის და „PARLIAMENT“- ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 4 290 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.