საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დიდი ოდენობით, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა - გადაზიდვას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 3 246 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.