საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საახალწლო საჩუქრები გადასცა გორის, მცხეთის, ქარელის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 15 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს.
საოკუპაციო ზოლში მდებარე სოფელ წითელუბანში სტუმრობისას, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა და მოადგილემ - ვაჟა ფანოზიშვილმა, მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს საახალწლო საჩუქრები და აუცილებელი საკვები პროდუქტების კალათა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საჩუქრები დაურიგეს საოკუპაციო ზოლში მდებარე სოფლებში - დირბში, კირბალსა და დვანში მცხოვრებ მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ფარესიშვილმა მოინახულა მცხეთის რაიონში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, მათ შორის, ორი 6 შვილიანი ოჯახი. გორში მცხოვრებ 7 შვილიან ოჯახს საგამოძიებო სამსახურის საახალწლო საჩუქრები უწყების უფროსის მოადგილემ - იგა ზაალიშვილმა მიართვა.
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების წინასაახალწლო დასაჩუქრების მრავალწლიანი ტრადიცია საგამოძიებო სამსახურის ინიციატივაა და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სოლიდარობის წახალისებას.