ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინილია, ბრალდებულებმა, დააფუძნეს რამოდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრის პერიოდში სახელმწიფოს კუთვნილი იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, ზემოთ აღნიშნული პირები, მათ მიერვე დაფუძნებულ საზოგადოებებს შორის, ახორციელებდნენ ფიქტიურ სამეურნეო - საფინანსო ოპერაციებს, თითქოს უწევდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მომსახურებას, რისთვისაც ამზადებდნენ ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს და იქმნიდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბ აქტივს, რომლითაც შემდგომში ახდენდნენ იმპორტის გადასახადის გადახდას. ჯამში მათი მხრიდან შექმნილი იქნა 1 559 162 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.