ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ორგანიზებით გამართულ სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიის (ILEA) 2017-2018 წლების კურსდამთავრებულთა შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიება ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორმა, მაიკლ მაკმენმა და სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიის დირექტორმა, სუზან ოსტრობინსკიმ გახსნეს.
შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობისთვის და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მნიშვნელოვან ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.
„სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიასთან თანამშრომლობა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დანერგვის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საშუალებას გვაძლევს. ეს ჩვენი უწყებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საერთაშორისო ტრენინგები ნაყოფიერი და ბევრის მომცემია თითოეული მონაწილისთვის. ჩვენთვის ღირებულია გავიზიაროთ საფინანსო-ეკონომიკური სახის დანაშაულის გამოძიების მეთოდები ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე; გავეცნოთ სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასაზღვრო და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორუფციასთან ბრძოლის შესაბამის მეთოდებსა და ტექნიკურ საშუალებებს, ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლის სფეროში არსებულ მიდგომებსა და მეთოდებს; გავიზიაროთ კოლეგა უწყებების მიერ ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგილი პრაქტიკა, გავაანალიზოთ ჩვენ პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და დადებითი მხარეები. იმედი მაქვს, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსთან თანამშრომლობას და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარებას,“ - აღნიშნა ვაჟა ფანოზიშვილმა.
სასტუმრო “ბილთმორში“ გამართულ ღონისძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.