საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ. ხოლო, კახეთის რეგიონში, ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.