ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე შპს-ის მოქმედი და ყოფილი დირექტორები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
აღნიშნული საწარმო 2008-2012 წლებში სისტემატურად იმარჯვებდა ქალაქ თბილისის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 8 252 729 ლარს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიის მიერ, რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია ქალაქის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობისთვის წარდგენილ, შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახულ ღირებულებაზე. კერძოდ, ბრალდებულები ოფიციალურ დოკუმენტებში უთითებდნენ ყალბ მონაცემებს, რის შედეგადაც მათ მიერ მითვისებულია სახელმწიფოს კუთვნილი, 2 027 145 ლარი.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ცხრა წლამდე პატიმრობას.