საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 16 390 ლარს შეადგენს.
ხოლო, ორ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო წესის დარღვევით, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული უმაღლესი სინჯის ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 36 536 ლარს შეადგენს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში ამოღებულია 52 926 ლარის ღირებულების 627 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.