საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე დააკავა მოქალაქეები ნ. მ, ზ. ვ, გ. ძ. და ლ. შ, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ს. დ, ნ. ვ, ე. გ, ნ. კ. და ვ.გ.
გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო - ერთ-ერთი შპს-ის ბუღალტერი ნ. მ. მისი ყოფილი მეუღლე გ. ძ. და მათი მეგობარი ზ. ვ. ე.წ. „დაუბეგრავი მინიმუმი“-ს პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს. ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. „დაუბერგავი მინიმუმი“-ს სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. საერთო ჯამში, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 419 095 ლარი. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.