საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც გააჩნდა ტურისტული მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს.
ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა დამნაშავე პირების დადგენა-მხილების მიზნით.