საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის ფაქტობრივი მმართველი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შპს-ს კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით სისტემატურად ამზადებდა და შემდგომ რეალიზაციას უწევდა დიდი ოდენობით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ შებოლილ თევზს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით და 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.