საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით - 2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი 500 კოლოფი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.