ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქეებმა ს. ჯ-მ და თ. გ-მ ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღეს 2 ცალი 100 დოლარიანი ყალბი კუპიურა, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ 45%-ს - 90 აშშ დოლარს.
დაკავებულის, ს. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 19 500 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. აღსანიშნავია, რომ ყალბი კუპიურები დამზადებულია უმაღლესი პოლიგრაფიული სტანდარტით და მისი გარჩევა ნამდვილი კუპიურისგან თითქმის შეუძლებელია.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.