საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში გაიმართა უწყების წარმომადგენლების შეხვედრა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაოლო არდოინო (ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი). შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ციფრული გადახდების პლატფორმა CityPay.io-ს ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმოიხილეს საფინანსო მომსახურების გაციფრულების ტენდენციები და მათი შესაძლო გავლენა საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სექტორზე, შესაბამისად - პოტენციური დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოვლენისა და პრევენციის აუცილებლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.
განხილული იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების გადამზადების პერსპექტივები ისეთი თემატიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა: ფულის გათეთრების რისკების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება; საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მისი სამართლებრივი საფუძვლები; ციფრული მიკვლევადობა, მათ შორის ბლოკჩეინ სისტემებში; ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ამოქმედებული ციფრული გადახდების საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო და ა.შ.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, კონკრეტული მიმართულებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.