საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზედაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები და შემდგომში იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთების შესაძენად. შეძენილი პროდუქციის რეალიზაციის გზით კი იღებდნენ ფინანსურ სარგებელს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.