საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის სამი ფაქტი გამოვლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული, არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა სატვირთო და მსუბუქ ავტომანქანებში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, ხოლო ერთ შემთხვევაში, ძვირფასეულობა ბრალდებულის მიერ გადმოტანილ იქნა სხეულზე მიმაგრებული სახით.
ჯამში ამოღებულია 405 გრამი ოქროსა და 6 528 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 52 968 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.