საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საქართველოში შემოიტანა 228 150 ლარის ღირებულების 195 ერთეული მოტოციკლი, რომელთა დეკლარირებისას და რეალიზაციისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში და შესაბამის დოკუმენტაციაში დააფიქსირა შემცირებული მონაცემები მოტოციკლეტების ძრავის კუბატურობის მოცულობის თაობაზე, რა გზითაც თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადების სრულად გადახდას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპანიიდან ამოღებულია საბაჟო წესების დარღვევით იმპორტირებული 39 მოტოციკლი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 214-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.