საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ,,MERCEDES BENZ"-ის მარკის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავების მეშვეობით, საბაჟო გამშვები პუნქტი - წითელი ხიდის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 725 ლარს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.