საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახური შემოსავლების სამსახურთან ერთად აქტიურად ახორციელებს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთას. სავაჭრო ობიექტებში პერმანენტულად ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მიმდინარე წელს, 1 იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული წესით ამოღებულია 14 000-ზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამავე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 31 საქმეზე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა 46 051 კოლოფს შეადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო.