მიმდინარე წლის 2 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე.
გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინება.
არსებული ინფორმაციით საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის გადაადგილება, რომლის რეალიზაციაც სავარაუდოდ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით განლაგებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურების მეშვეობით.
საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 210-ე მუხლების მე-2 ნაწილებით.