საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების მცდელობისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერა 48 133 232 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელა სამშენებლო მასალების მიწოდება, რა გზითაც მისსავე კომპანიებს შეუქმნა ჯამში 6 697 835 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რის შემდეგაც ერთ-ერთი კომპანიის სახელით, მოითხოვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ფიქტიურად შექმნილი ზედმეტობიდან თანხის ნაწილის - 804 381 ლარის უკან დაბრუნება.
საგამოძიებო მოქმედებების დროულად და ოპერატიულად განხორციელების შედეგად, ბრალდებულმა, შექმნილი ყალბი აქტივიდან, შეძლო მხოლოდ 89 564 ლარის გამოყენება კომპანიების მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.