საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს - ის წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად იმყოფება მიმალვაში და მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკიდან განახორციელა 206 697 ლარის ღირებულების სიგარეტის იმპორტი. საქონლის დეკლარირების დროს, შემოსავლების სამსახურს წარუდგინა მის მიერ გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტები, თითქოს სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი ჰქონდა კანონით განსაზღვრული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები, რის შემდეგაც, მოტყუებით გაიტანა იმპორტირებული საქონელი და მოახდინა მისი რეალიზაცია. ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 584 146 ლარის ზიანი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალსიწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.