საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, დაკავებული იქნა 2 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს აძლევდა უფასო პარკირებისა და გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე.