საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და აჭარაში, პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 3 970 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად ახორციელებს.