საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ - ერთ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - ,,белизна,“ ,,белизна золушка,“ ,,белизна отбеливатель“ და „KPOT” - ის დამზადება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები და ბოთლები, ასევე, სარეალიზაციოდ გამზადებული 408 ცალი - 1 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება ,,белизна“ და 239 ცალი - 0,5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება “KPOT”.
გამოძიება მიმდინარეობს სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.
