საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დაკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მისთვის სასურველი, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანაში.
აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.